Sunday, March 27, 2016

საბედიწერო შეცდომა...

   ადამიანები მრავალი საუკუნეა ებრძვიან და უპირისპირდებიან ქვესკნელთა სამყაროს, რადგან ისინი მათთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ, მაგრამ მათ არასდროს გასჩენიათ ეს კითხვა - „რა მოხდებოდა მეც რომ ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი?“
ჩვენ არ შეგვიძლია გარდავქმნათ ჩვენი ბედი, რომელიც უკვე ზეცაშია დაწერილი.
 მეც ქვესკნელთა სამყაროს ერთ-ერთი წარმომადგენელი - ვამპირი ვარ. ვამპირები საერთოდ აღარ არსებობენ, ისინი განადგურდნენ. მხოლოდ მე გადავრჩი. ჯერ კიდევ 10 წლის ვიყავი, როდესაც სულ მარტო დავრჩი და მაშინ ადამიანთა სამყაროს შევაფარე თავი, სწორედ მათ რომლებმაც ჩემი მოდგმა ფერფლად აქციეს. ამ ამბის შემდეგ 8 წელი გავიდა. ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩემს სიმარტოვეს არაფერი ეშველა. ხალხი ჩემგან თავს შორს იჭერს, თითქოს ხვდებიან რაც ვარ. რთულია ცხოვრება სამყაროში, სადაც გარიყული ხარ, სადაც გულწრფელი ვერ იქნები, ვერ მოყვები ვერაფერს შენს შესახებ და რაც მთავარია, იქნები დაძაბული, რომ შემთხვევით ვინმე შენი მსხვერპლი არ გახდეს. რასაკვირველია ეს ჩემთვის დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს, რადგან უკვე შევეჩვიე ადამიანურ ცხოვრებას, მაგრამ ჩემში სადღაც მაინც არის ვამპირული გრძნობები დატყვევებული, რომლებიც მიისწრაფვიან, რომ აგიზგიზდნენ და საბოლოოდ გაღვივდნენ ჩემში, მათ შეკავებას კი არ ვიცი როდემდე შევძლებ. სისხლით გამოწვეულ მოთხოვნილებების ცოტათი მაინც დაკმაყოფილებაში მეხმარება ადამიანების საკვები. ვამპირები მართალია უკვდავები ვართ, მაგრამ გვაქვს სუსტი წერტილები, რითაც ჩვენი განადგურება შეიძლება. ასე მოხდა 8 წლის წინ, როდესაც ადამიანებმა გაარღვიეს კედელი და ჩვენს აკადემიაში შემოიჭრნენ, ცეცხლი წაუკიდეს ყველაფერს და ჩემი მოდგმა გაანადგურეს. მე კი გადავრჩი, რადგან აკადემიისგან მოშორებით ვიყავი და ვერავინ ვერ შემნიშნა. მაგრამ რა ვუთხარი მე ამ გადარჩენას. რაც გიწერია ის არ აგცდება. შენმა ერთმა შეცდომამ შეიძლება საბოლოოდ გაანადგუროს, ისედაც საშინელი ცხოვრება. როგორც ავღნიშნე მე ვამპირი ვარ და ვამპირები კი მზეს გაურბიან, რადგან მზე ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ვამპირი ვარ, ძალიან მიყვარს მზე, მისი სხივები, რომლებიც დილით ჩემს ოთახში იჭრებიან, მზე რომლის ჩასვლა და ამოსვლა, არც ერთხელ არ გამომიტოვებია და მზე რომელიც სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის.
      ერთ დღეს როდესაც სკოლისკენ გავემართე, ვიგრძენი როგორი მწველი და მცხუნვარე მზე იყო, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. აი ჩემი შეცდომაც, დავივიწყე ჩემი წარმომავლობა და თავი ადამიანად გავასაღე. მე სადაც ვცხოვრობდი იმ ქალაქში, ძალიან ბევრი იყო ვამპირებზე ლეგენდები. მათ ხსენებაზე ყველას არასასიამოვნო შეგრძნება ეუფლებოდა, ამიტომ მათზე ძალიან იშვიათად თუ ვინმე დაილაპარაკებდა. როდესაც სკოლას მივუახლოვდი, რაღაც შეგრძნება დამეუფლა, შეგრძნება რომელიც არასოდეს მქონია. ეს წვის შეგრძნება იყო. მე ვიწვოდი. მზის სხივები მწვავდნენ. სხივები, რომლებსაც ყოველ დილით ვეთამაშებოდი და ყველაზე საზარელი ის იყო, რომ ამას ხალხი ხედავდა. ჩემს გარშემო მათი რაოდენობა იზრდებოდა და ნელ-ნელა ყველასთვის ნათელი ხდებოდა თუ რა ვიყავი. ვამპირი. მე ვამპირი ვიყავი. ადამიანებმა საშინელი განაჩენი გამომიტანეს, იმაზე  საშინელი ვიდრე ეს კოცონზე დაწვაა. მათ მე შემიპყრეს და სამუდამოდ დამატყვევეს სარდაფში, საიდანაც გაღწევა შეუძლებელია, რომლის კედლებს ვერასოდეს დავაღწევ თავს და ვეღარასდროს დავინახავ მზეს, რომელიც ჩემი ერთადერთი მეგობარი და ამასთანავე ჩემი დაუნდობელი მტერია..
 დიახ, ერთი შეცდომა და ჩვენი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება და ზოგჯერ ამ შეცდომის გამოსწორების შანსი აღარ გვეძლევა.